პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა, კარგი იქნება. მისი თქმით, სასჯელის გადავადებას ან მის საზღვარგარეთ, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანეს პოლიტიკაში არ ჩარევასთან კავშირი არ აქვს.
“ის თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს, რა თქმა უნდა, კარგია ვინაიდან, ყოველი დღე, როცა ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან, ის არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, და უფრო მეტიც, ის გახლავთ უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი და ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, თუ ის აპირებს, რომ არ ჩაერიოს ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება მის სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან არ აქვს”, – თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმაც და ოჯახის წევრებმაც თქვეს, რომ მესამე პრეზიენტს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს. ოჯახიც და ადვოკატებიც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, რადგან “ვივა მედში” მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.