ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა “ენმ”-ის დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ”ენმ”-ის დეპუტატებისთვის სიტყვის მიცემა რეგლამენტით არა სხდომის დასაწყისში, არამედ სხდომის დასასრულს იყო გათვალისწინებული, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ სხდომა დატოვეს.
სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებს ”მეტად საინტერესო” ინიციატივით მიმართა”ქართული ოცნების” დეპუტატმა ბესო მელუამ.
”მივიღოთ ისეთი რეგლამენტი, რომ ესეთი პროვოკაციული განცხადებების გაკეთების უფლება გადაიხედოს” – მიმართა მელუამ სხდომის წევრებს.
მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებს ისეთ რეგლამენტს, რაც გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვამს ოპოზიციონერ დეპუტატებს:
”ჩემი თხოვნა მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს რეალურად არ აინტერესებთ საკრებულოს სხდომის თემა. მოგმართავთ ინიციატივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება ყველა დაინტერესებული პირი. გადავხედოთ რეგლამენტს და საბოლოო სახით მივიღოთ ისეთი რეგლამენტი, რომ ესეთი პროვოკაციულ განცხადებების გაკეთების უფლება გადაიხედოს.
დღეს, მათ აქვთ მათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება, მაგრამ ყოველ სხდომაზე ისინი ტოვებენ დარბაზს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რეგლამენტი, რომ გარკვეული ტიპის ჩარჩოებში ჩავჯდეთ.” – განაცხადა მელუამ.