ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან კიდევ ორი წლის ვადა “ქართული ოცნებისთვის” ნიშნავს საქართველოს სრულ რუსიფიკაციას,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები ვერ შესრულდება და მმართველი გუნდის შექმნილი სამუშაო ჯგუფებიც რეალურად ფასადურია.
“ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფებიდან არაფერი გამოვა, რადგან ეს ფასადური ჯგუფებია, რომელიც რეალურად არ არის მიმართული რაიმეს შესრულებისკენ. მოვისმინეთ “ქართული ოცნებისგან”, რომ 19 აპრილის შეთანხმებით მიღებული კანონმდებლობაც კი გადაიხედება და უკან იქნება წაღებული საარჩევნო კომისიის არჩევის წესი. ამიტომ “ქართულ ოცნებასთან” ასეთ პირობებში ვერანაირი თანამშრომლობა ვერ შედგება. მთავარია, რომ ჩვენი მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან შემუშავებული იქნება ყველა მიმართულებით ძირეული პაკეტები, ხოლო მათი აღსრულება მოხდება მას შემდეგ, როგორც კი “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება. მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან კიდევ ორი წლის ვადა “ქართული ოცნებისთვის”, ეს ნიშნავს საქართველოს სრულ რუსიფიკაციას,”- განაცხადა ჩიხლაძემ.