„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საწვავის აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი 15-20 თეთრით გაიაფდებოდა. ამის შესახებ ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
„2016-2017 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ გააორმაგა საწვავზე აქციზის ფასი. 2012 წელს, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე ორნახევარჯერ იაფი. აქციზის განახევრებით და 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებით, საწვავის ფასი 15-20 თეთრით გაიაფდებოდა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას გააცნო ინიციატივები, რაც საწვავის ფასს საგრძნობლად შეამცირებს.
„აქციზის გადასახადი საწვავზე უნდა დაუბრუნდეს 2017 წლამდე ნიშნულს, ანუ იმ ნიშნულს, რომელიც ხელისუფლების გადაბარებისას იყო 2012 წელს. ნავთობგადამამუშვებელი საწარმოების გახსნა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და მთავარი, უნდა ჩამოიშალოს კარტელური შეთანხმებები“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.