2 თვის წინ, 17 ივნისს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. ევროპის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა, რომ სტატუსის საკითხს წლის ბოლოს, პირობების შესრულების შემოწმების შემდეგ დაუბრუნდებოდა.
პირობების შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს 9 სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფების მუშაობაში ჩართულია 4 ოპოზიციური პარტია – „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკუთარ კანონპროექტებზე მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობენ.
გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ, 12-დან ორი-სამი რეკომენდაციის დროულად შესრულება შესაძლებლად, სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია კი ყველაზე რთულად შესათანხმებელ პირობებად გამოიყურება პროცესის მონაწილეებისთვის.
რადიო თავისუფლება განაგრძობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე დაკვირვებას.
#1 – პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება
ევროკომისია ამ პირობას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას უკავშირებს. „ქართული ოცნება“ გეგმავს „პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის“ შექმნას, რომელმაც უნდა იმუშაოს „ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით“ და „პერმანენტული მონიტორინგის“ შედეგად, უნდა გამოაქვეყნოს ყოველკვირეული ანგარიშები და რეკომენდაციები „პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისთვის“.
მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე, – ეწერა მმართველი პარტიის გეგმაში, რომელიც ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა.
იმავე გეგმის მიხედვით, პუნქტის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაევალა.
რადიო თავისუფლებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ დეპოლარიზაციის შესახებ ივლისში ერთი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა და ითქვა, რომ გაკონტროლდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რიტორიკაც, მაგრამ მას შემდეგ, „ინფორმაცია აღარ გაზიარებულა“ და შედეგი ჯერ არ უნახავთ.
როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური ამბობს, პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეხვედრაზე, აღნიშნეს, რომ მათთვის „სრულად არის ჩაკეტილი“ ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიასაშუალებების სივრცე და ჩაწერილი კომენტარებიც კი აღარ გადაიცემა ტელეეთერში.
# 2 – სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა, საპარლამენტო კონტროლი და საარჩევნო კანონმდებლობა
ამ რეკომენდაციის შესასრულებლად ორი სამუშაო ჯგუფი ამოქმედდა.
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 აგვისტოს შექმნა – „საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის“ სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი სხდომა 18 აგვისტოს დაინიშნა.
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ასევე აგვისტოს დასაწყისში შექმნა „ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის სამუშაო ჯგუფი“.
„ქართული ოცნების“ გეგმის თანახმად, პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტი 21 სექტემბრამდე უნდა შევიდეს და 13 დეკემბრამდე დამტკიცდეს; მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი შესაფასებლად გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODIHR).
ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის სამუშაო ჯგუფი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტის რეგლამენტის ნორმებისა და ეფექტიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გააცნო ჯგუფს, ამ მიმართულებით „განსაკუთრებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს“ არ მოელის.
„ოცნების“ გეგმით, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება 21 სექტემბრამდე და დამტკიცდება 1 ნოემბრამდე.
#3 – სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა
ეს ერთ-ერთი ყველაზე სადავო მიმართულებაა.
სამუშაო ჯგუფი 4 აგვისტოს შეიქმნა, ამ დროისთვის ბოლო სხდომა 15 აგვისტოს გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე „30-ზე მეტი საკითხის იდენტიფიცირება მოხდა“, მაგრამ „რამდენად არის ეს საკითხები პრობლემა, ამას სჭირდება დასაბუთება, ახსნა და მტკიცებულებებით გამყარება“.
15 აგვისტოს კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებმა განხილული ოთხი საკითხიდან შეთანხმებას მიღწიეს ორზე: 1. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევისთვის – პარლამენტის რეგლამენტში გაკეთდეს ჩანაწერი, „რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას“; 2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია „ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა“.
სისტემურად გადასაწყვეტი პრობლემების ფონზე, ეს საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია როგორც ჯგუფში ჩართული ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის.
„ეს საკითხები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვთ, დაასახელა თავად „ქართულმა ოცნებამ“; ხოლო ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც ჩვენ დავასახელეთ, არაფერზე დაგვთანხმდნენ“, – ამბობს საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ მნიშვნელოვანი საკითხების იგნორირება ხდება და წინააღმდეგობა იმდენად დიდია, რომ „სავარაუდოდ, სექტემბერი ცხელი იქნება“.
გამოცხადდა, რომ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 2 კვირის შემდეგ გაიმართება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის ზუსტი თარიღი 29 აგვისტოს კვირაში გაირკვევა.
პარტიები „ლელო“ და „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ უმრალესობამ კარგა ხანია თაროზე შემოდო მათ მიერ ადრე შემუშავებული კანონპროექტები, რომლებიც სასამართლო რეფორმას შეეხებოდა.
„ლელო“ არ მონაწილეობს უმრავლესობის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, სექტემბერში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას სასამართლო რეფორმირების მიმართულებითაც გეგმავს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გეგმით, სასამართლო რეფორმაზე კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 21 დეკემბრისა და „კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას“.
განსხვავებული იყო ივლისის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული განრიგი: [სასამართლო რეფორმის] საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე; კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს, ხოლო პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი, „ოცნების“ გეგმით, გამოცხადდება 30 სექტემბრამდე, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება 15 ნოემბრამდე. საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა.
#4-ანტიკორუფციული სააგენტოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება
ამ პუნქტის შესასრულებლადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორი სამუშაო ჯგუფი შექმნა:
- „ანტიკორუფციული ღონისძიებებისა“ და
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების“ ჯგუფები.
ანტიკორუფციული ღონისძიებების ჯგუფის ბოლო შეხვედრა 12 აგვისტოს გაიმართა.
ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მთლიანობაში იკვეთება ორი მიმართულება: ერთი – შეიქმნას [დამოუკიდებელი ანტიკორუფციული] სააგენტო ან მეორე – გაძლიერდეს კოორდინაცია კორუფციასთან ბრძოლის, გაძლიერდეს პრევენციასთან ორიენტირებულ ღონისძიებებზე მუშაობა და გაძლიერდეს სამართლებრივი რეაგირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება“.
„ქართული ოცნება“ ამ მეორე მიდგომას ემხრობა და აღნიშნავს, რომ ევროკომისია თავის რეკომენდაციებში ასეთი სტრუქტურის შექმნას არ ითხოვს.
დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის ინიციატივა ჯგუფში არასამთავრობო სექტორმა წამოაყენა და მსგავსი რჩევა ახლო წარსულში ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
„ქართული ოცნების“ გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება – არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების” სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს გამართა. უმრავლესობის ინფორმაციით, საგნობრივი განხილვა შემდგომ შეხვედრებზე მოხდება.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა ჰქონდეს საპროკურორო ფუნქციაც. ოპოზიცია ლაპარაკობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესის შეცვლაზე.
„ოცნების“ გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება – არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.
#5 – დეოლიგარქიზაცია
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელმაც პირველი სხდომა 4 აგვისტოს გამართა, „ქართული ოცნება“ უკრაინის მსგავსი კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიზნად დაისახეს „უკრაინული კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება“.
დეოლიგარქიზაციის მიმართულებით პროცესში არ არის ჩართული არასამთავრობო სექტორი. როგორც საიაში გვითხრეს, „კანონის თარგმნაში მონაწილეობის მიღებას აზრსმოკლებულად თვლიან“ და, რაც მთავარია, მიაჩნიათ, რომ „ეს კანონი დეოლიგარქიზაციის პროცესს არ წაადგება და გახდება დამატებითი პოლიტიკური იარაღი“.
არასამთავრობო სექტორის პოზიციაა, რომ დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება თავისთავად გადაჭრის დეოლიგარქიზაციის პრობლემას.
პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემას „ხელისუფლების რეალური ბალანსი და დანაწილება გადაჭრიდა” და კანონის მიღება არ არის საჭირო; მაგრამ, თუკი „ქართული ოცნება“ მაინც ამ გზით წავა, „კანონი უნდა გავრცელდეს არაფორმალურ გავლენებზეც, რადგან დღეს პრობლემაა ბატონი ივანიშვილი და მას ფორმალური კავშირები აღარ აქვს პოლიტიკასთან“.
„ქართული ოცნების“ გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, ხოლო კანონის მიღების – 29 ნოემბერი.
#6 – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი კურირებს და პირველი სხდომა 20 ივლისს გაიმართა – შემუშავდა სპეციალური კითხვარი ხარვეზების გამოსავლენად, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე.
ეს კითხვარი მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც და როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს, სამუშაო ჯგუფს უკვე პასუხებიც დაუბრუნეს. საიას ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი არ მოელის, რომ ამ მიმართულებით „განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესები და პრობლემები იჩენს თავს“.
ხელისუფლების გეგმით, ეს სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს „არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე“.
# 7 – თავისუფალი მედია, ჟურნალისტების უსაფრთხოება, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება
ამ რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფი არ შეუქმნია.
„პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“, – 1 ივლისს თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და იგივე გაიმეორა რეკომენდაციების მე-8 პუნქტზეც.
მედიის საკითხების მიმართულებით მუშაობს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გაემიჯნა უმრავლესობის მიერ შექმნილ ჯგუფებს.
ევროკომისია მოელის, რომ: „მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართალწარმოება უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“ და „ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს“.
არასამთავრობო სექტორი აუცილებლად თვლის 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გასამართლებას.
#8 – მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება
სამუშაო ჯგუფი არც ამ მიმართულებით არის შექმნილი.
„ქართულმა ოცნებამ“ადამიანის უფლებების კომიტეტს დაავალა, რომ „საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროობა ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“.
სამოქალაქო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ გასამართლდნენ ჰომოფობიური თავდასხმების ორგანიზატორები და უახლოეს თვეებში ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან საბრძოლველად.
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანად უნდა გასამართლდნენ როგორც მოძალადეები, ასევე ძალადობის დამკვეთები.
#9 – გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან
ჯგუფში ჩართული ოპოზიციონერების განმარტებით, საკითხის აპოლიტიკურობის გამო, შეთანხმება ევროკომისიის ამ რეკომენდაციის გარშემო შესაძლებელია.
მუშაობა პარლამენტში 13 ივლისს დაიწყო.
„ოცნებამ“ რამდენიმე შეთანხმებული საკითხი დაასახელა:
- გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება,
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება,
- სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
5 აგვისტოს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, პარლამენტში განიხილეს „სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისა და ძალადობის მსხვერპლთა რევიქტიმიზაციისგან დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო რეგულირება და მათგან გამომდინარე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები“.
შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი ჯერ შეთანხმებული და ინიცირებული არ არის.
„ქართული ოცნების” გეგმით, კანონპროექტების პაკეტები პარლამენტს წარედგინება „არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და დამტკიცდება 15 ნოემბრამდე.
#10 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში
ევროკომისიის რეკომენდაციების ეს პუნქტი ყველა სხვა პუნქტსაც შეეხება.
„ქართული ოცნების” მიერ 1 ივლისს გამოცხადებული გეგმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს „ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას“ და „ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმები“ სამომავლოდაც შენარჩუნდება.
საიაში აცხადებენ, რომ ეს პირობა შეზღუდულად სრულდება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.
ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჯგუფში მხოლოდ ორი წევრი ჰყავს.
#11 – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება
ამ რეკომენდაციის შესრულება ყველაზე უპრობლემოდ და პერსპექტიულად გამოიყურება და, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე მზად არის კანონპროექტიც.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 5 აგვისტოს სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის ანგარიში წარადგინა და მხარიც დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემდგომ ინიცირებას პარლამენტში.
სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე გადაულახავი წინააღმდეგობები არ გამოვლენილა, რადგან ეს „აპოლიტიკური საკითხი იყო და შედეგიც ამან განაპირობა“.
„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილია, რომ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა, ხოლო საბოლოო დამტკიცების ბოლო ვადაა – 18 ნოემბერი.
#12 – სახალხო დამცველის არჩევა
„ქართული ოცნების“ გეგმით, „საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას“, რომელიც შესაძლებელს გახდის „სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენას, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული“.
კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არა უგვიანეს 1 დეკემბრისა.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ემიჯნება ხელისუფლების სამუშაო ჯგუფებს, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე უკვე 2-ჯერ შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არასოდეს მალავენ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას და მწვავედ არიან დაპირისპირებული მოქმედ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში სახალხო დამცველის საკითხიც სწორედ ამის გამო მოხვდა.
ევროკომისიის პირობაში წერია, რომ „ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი“; „დანიშვნა იქნება გამჭვირვალე“, ხოლო „მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი“.