რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
20 აგვისტოს, მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, აფეთქდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მოსკოვთან აფეთქებული მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა საშუალებით მივიდა. მისივე დადასტურებული ინფორმაციით, ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა.
მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით გაავრცელა არხმა 112-მაც.
აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.
დარია დუგინას აფეთქების შედეგად სიკვდილი რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებშიც დაადასტურეს.
დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.