“პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!” – ამის შესახებ საუბარია “ეროვნული რესპუბლიკური არმიის” განცხადებაში, რომელმაც წერილობითი მიმართვა ცოტა ხნის წინ გაავრცელა და დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა.
ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!, – წერენ ისინი.
დაჯგუფება წერს, რომ მათი მიზანია, შეაჩერონ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, ასევე კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რადგან მათ რუსი ხალხის სიმდიდრე მიისაკუთრეს და ქვეყნის შიგნით და გარეთ არაერთ დანაშაულს სჩადიან.
რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ – ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, გავანადგურებთ.
ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ საჯაროდ არ ილაპარაკებს, გავანადგურებთ.
უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსაც. გავანადგურებთ მათ, ვინც იარაღს არ დადებს. გავანადგურებთ მათაც, ვინც ომით ფულს შოულობს.
ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი ამაზრზენი დანაშაულით არ გაჩერდება. და ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროება პროვოკაციებს მოაწყობს და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერს, არ დაუჯეროთ, – ნათქვამია განცხადებაში.