ქამრიანი სონა – ქართველი ყარაჩოღელი ქალის ისტორია, რომელმაც პირად ცხოვრებაზე უარი თქვა

უხსოვარი დროიდან თბილისის ქუჩებს არაერთი კოლორიტული ფიგურა ახსოვს. მის ქვაფენილიანაღმართ-დაღმართზე ვის აღარ უვლია, ვინ მოთვლის. ზოგი დროსთან ერთად წარსულად იქცა და ისტორიამ მათი წილი ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ დატოვა. ბევრი კოლორიტული ადამიანის ისტორია დაიკარგა. ზოგიერთ მათგანზე კი გადმოცემები, ფოტოები და მწირი ინფორმაცია შემორჩა და უხუცესებსაც ახსოვთ…

 

სწორედ თბილისელი კოლორიტი იყო ყარაჩოღელი ქალბატონი, რომელსაც ზედმეტ სახელს „ქამრიან სონას“ ეძახდნენ.

მის შესახებ მცირე ცნობები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ.

 

„ქამრიანი სონა ყარაჩოხელი იყო.სამწუხაროდ უცნობია მისი გვარი, ან რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნოდა. ქამრიანი სონა თბილისში დიდი გავლენითა და სახელით სარგებლობდა და ყარაჩოხელების ამქრის თანასწორუფლებიანი წევრი ყოფილა.

 

ქალი იმითაც ყოფილა ცნობილი, რომ ყველაზე უკეთესი არღანი ჰქონია, მაგრამ ვიღაც შურიანს მოუპარავს და მდინარე მტკვარში გადაუგდია. ძვირფასი ნივთის დაკარგვით შეურაცხყოფილ და სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გადასულა საცხოვრებლად.

 

როგორც ამბობდნენ – თუ თბილისელ ყარაჩოხელებს თავიანთი სინდისის კოდექსი ჰქონდათ – სონას საკუთარი კოდექსიც ჰქონიაო, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდაო.

ისედაც გულმოწყალებით ცნობილი ყარაჩოხელებისგან სონა კიდევ უფრო მეტი სათნოებით გამოირჩეოდა, ამიტომაც მისი ხასიათისა და სამოსის ფერის გამო მეტსახელად „მშვიდობის შავ ბაირაღს” ეძახდნენ.

 

თბილისელ სონას სიყმაწვილიდან ჰყვარებია ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი, რომელსაც მძიმე სენი შეჰყრია და უდროოდ წასულა იმ ქვეყნად. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია – ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა – ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო.

 

ამის მერე სონას მამისეული არღანი აუღია და ყარაჩოხელთა ამქარს შეერთებია. ამბობენ, ბევრს თვალს უვსებდა, ბევრსაც გულს უკლავდა, მაგრამ ყველამ იცოდა – რომ სონა ქალი კი არა – ყარაჩოხელი იყო და ხვაშიადს ვერავინ უმხელდაო.

 

სონა ქვრივ-ობოლთა დიდი შემწეც ყოფილა, ეტყობა მაინც ვერ ჩაუკვლია გულში ქალობა და დედობრივი გრძნობა. იოსებ გრიშაშვილის ფოტოარქივიდან შემორჩა „ქამრიანი სონას“ ერთადერთი ფოტო. სონა მართლა დადიოდა თბილისის ქუჩებში და არღანს აკვნესებდა მანამდე, ვიდრე მისი გულის დარდების ერთადერთი მესაიდუმლე, ვიღაც ბოროტმა მტკვარს არ მისცაო.

 

მას შემდეგ გაქცეულა სონა ქალაქიდან და დაკარგულა მისი კვალიც, თუმცა ხარფუხსა და მეიდანს ისევ ახსოვს სონას ეშხი. მტკვარი კი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო, – უთქვამთ გრიშაშვილისთვის იმდროინდელ ბებერ თბილისელებს.“

“პრაიმტაიმი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share