პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას აფეთქებას “ნაცისტური უკრაინის ტერაქტს” უწოდებს.
დუგინი მომხდართან დაკავშირებით წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შვილი რუსეთის მტრებმა მოკლეს, თუმცა რუსულ ერს ისინი ვერ გატეხენ.
“როგორც თქვენ ყველამ იცით, ტერაქტის შედეგად, რომელიც ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა მოაწყო, 20 აგვისტოს პოდმოსკოვიეს ფესტივალიდან დაბრუნების დროს, ჩემს თვალწინ, სასტიკად მოკლეს ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა. ის იყო მშვენიერი, მართლმადიდებელი გოგო, პატრიოტი, ცენტრალური არხების ექსპერტი, ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის იყო შინაარსიანი, არგუმენტირებული და თავშეკავებული. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისკენ და ომისკენ. ის იყო ამომავალი ვარსკვლავი.
რუსეთის მტრებმა ის მალულად, ქვეშქვეშურად მოკლეს… მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხს ვერ გატეხენ ასეთი აუტანელი დარტყმებითაც კი. მათ სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა სისხლისმღვრელი ტერორით… ისინი საწადელს ვერ მიაღწევენ. ჩვენს გულებს მხოლოდ შურისძიება არ სწყურია. ეს ძალიან მცირეა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება. ამას შეეწირა ჩემი ქალიშვილიც. ამიტომ, გთხოვთ, გაიმარჯვეთ!”, – წერს ალექსანდრ დუგინი.
***
მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.
დარია დუგინა დაიღუპა.
21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის “ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა” აიღეს.
მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.
დღეს, 22 აგვისტოს, რუსულმა ФСБ გამოაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც “დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა”.
ფორმულა