საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს ეხმაურება და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
“შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმა და ამავდროულად ირწმუნება, რომ სამხედრო ეშელონი გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, “დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტანკი. თავდასხმა “ისკანდერის” ტიპის რაკეტით განხორციელდა.
უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებული ვაგონების ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 და 6 წლის ორი ბავშვი.
სამხედრო მოსამსახურეთა შორის არსებულ მსხვერპლზე კიევი არ საუბრობს.