რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს უკრაინაში საომარ კამპანიას მაშინაც კი, თუკი კიევი ოფიციალურად იტყვის უარს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, 26 აგვისტოს, ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან მხოლოდ კონკრეტულ პირობებში:
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა ახლა აუცილებელია, მაგრამ აღარ არის საკმარისი მშვიდობის დამყარებისთვის. აუცილებელია გაჩნდეს ის გარანტიები, რის შესახებაც პრეზიდენტი პუტინი საუბრობს“, – განაცხადა მედვედევმა LCI-ისთან ინტერვიუში (ამ კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს).
მედვედევის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ყოფნა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო შედეგი.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ საომარი ოპერაციის მას სურს უკრაინის „დენაციფიკაცია“.
თებერვლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთსა და უკრაინაში შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა, მოლაპარაკებებმა შედეგის გარეშე ჩაიარა.
ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვის პერსპექტივის შესახებ, მედვედევი აცხადებს: „იცით, ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ ისედაც ვიყავით მზად მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ პრეზიდენტი პუტინიც ლაპარაკობდა, მაგრამ რაღაც მომენტში, უკრაინის ხელისუფლებამ, ბატონი ზელენსკის მეთაურობით, განაცხადა, რომ მათ ეს მოლაპარაკებები არ უნდათ, რომ მათ სურთ ომი გამარჯვებამდე“, – აცხადებს მედვედევი, რომლის ციტატასაც რია ნოვოსტი ავრცელებს.