„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ აღარ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აკრიტიკებდეს „ქართულ ოცნებას“ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ყოველდღიურად იღებს მმართველი პარტია. ასე ეხმაურბა ბაჩო დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების” გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.
„რაც შეეხება ე.წ.მოსმენების კანონს, გარშემო ყველას შეუძლიათ უსმინონ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც უნდათ, ვადებიც გაგრძელებულია და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმია, რომელიც მისწრაფვის იმისკენ, რომ იყოს ოლიგარქიული დიქტატურა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ახალი ტერმინი შემოვიდა. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა მიისწრაფის ევროპისკენ, მსგავსი ტიპის რეჟიმები უბრალოდ ვერ იარსებებენ, შესაბამისად, დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დგანან ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სამართლებრივ შეფასებებს ეძებენ“, -განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.
ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.