რამ გამოიწვია ყველის არანორმალური გაძვირება – ფასმა შეიძლება კიდევ მოიმატოს!

საქართველოში ყველი არანორმალურად გაძვირდა. წინა წელთან შედარებით ფასები თითქმის გაორმაგდა. სიძვირემ მთელი საქართველო მოიცვა და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტის ღირებულებამ მცირედით კიდევ მოიმატოს. რამ გამოიწვია ყველის ასეთი გაძვირება და ღირებულების გაზრდის გამო, ხომ არ შემცირებულა მოთხოვნა – ამის შესახებ „რეზონანსმა” მოკვლევა ჩაატარა.

დღეს, იმერული ყველს 17 ლარზე ნაკლებად ვწერსად ვეღარ ნახავთ. სულგუნის ფასი კი 22 ლარს ქვევით არ ჩამოდის. აღნიშნული ფასები შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე ამბობს, რომ ყველის ფასის მიმართულებით პირდაპირ კატასტროფა ხდება, შარშან თუ იმერული ყველი 8-10 ლარი ღირდა, წელს მისი ფასი 18-20 ლარია. იმერული ყველის ფასი თითქმის სულგუნის ფასს გაუტოლდა, შესაბამისად სულგუნის ფასიც იზრდება.

„მე რომ ვნახე იმერული ყველი 16 ლარად ეჭვი გამიჩნდა, რატომ ჰქონდა ასეთი დაბალი ფასი. ზოგიერთ მაღაზიაში და სუპერმარკეტში 20 ლარზე მეტიც ღირს და სულგუნის ფასმა 30 ლარსაც კი მიაღწია. ღაც შეეხება გუდის ყველს, რომელიც დიდი ხანია გაძვირდა, მისი ფასი 35 ლარიდან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღარაფერს ვამბობ ისეთ დელიკატესებზე, როგორიცაა ტენილი, დამბალხაჭო და სხვა `გაპრანჭული~ ყველები, რომელიც ქართულ ბაზარზე ისედაც იშვიათობაა და სულ რამდენიმე ადამიანი აწარმოებს. მაგალითად ტურისტულ  უბნებში ერთი კილოგრამი დამბალხაჭოს ფასი 70 ლარია. ყველაფერი გაძვირებულია“, – განაცხადა ანა მიქაძემ „კომერსანტთან” და რძის პროდუქტების გაძვირების მიზეზად ინფლაცია, ცხოველების საკვებზე ფასისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა დაასახელა.

„დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც დოლარი ძალიან გაძვირდა და შემდეგ გამყარდა, მაშინ მიშა ჯიბუტმა თქვა, ლარი კი გამყარდა, მაგრამ ჯონჯოლთან მიმართებაში გაუფასურდაო. დღესაც ეგრეა ყველთან მიმართებაში, თითქოს ლარი სტაბილურობისკენ მიიწევს, მაგრამ ყველთან მიმართებაში უფასურდება.

კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,  როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ყველი ყოველ დღე სჭირდება ვერ იყიდოს. შეიძლება ადამიანმა მოითმინოს უხორცობა, რაღაც სხვა პროდუქტზე თქვას უარი, მაგრამ ყველი სჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და მისი ფასი კი ზევით მიიწევს. ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ფერმერებსაც ყველაფრის ფასი გაუძვირდათ, ცხოველის საკვები, ტრანსპორტირება, ბენზინი, ყველაფერი გაძვირებულია. კი შეიძლება  ერთჯერადი ხარჯია და წინასწარ იმარაგებენ ყველაფერს, მაგრამ ეს ერთჯერადი ხარჯებიც ძალიან ძვირი უჯდება. თუ საკუთარი საძოვარი არ აქვს, იჯარით უნდა აიღოს, ქერი გაძვირებულია, ხორბალიც გაძვირებულია, ამიტომ არის ეს სიტუაცია“, – აღნიშნა ანა მიქაძემ და დასძინა, რომ ყველზე გაზრდილი ფასის მიუხედავად, რეალიზაცია არ შემცირებულა და საკმაოდ აქტიურად ხდება.

სიძვირეზე საუბრობენ გლეხებიც. მათი თქმით, ძროხები ბევრს ვეღარ იწველებიან და შესაბამისად, ყველის რაოდენობაც არ არის ბევრი.

„ხონის ბაზარში იმერული ყველის ჩასაბარებელი ფასი არის 15 ლარი და სულგუნის 22 ლარი. გასაყიდად კიდევ სხვა ფასია, სხვაობა მინიმუმ ერთი ლარია. შარშან იმერული ყველი 8-9 ლარი ღირდა და სულგუნი 10-12 ლარი.

ძროხების საჭმელი გაძვირდა, თან ბალახის ნაკლებობაა, გვალვების გამო. ამიტომ გაძვირდა ყველი და რაოდენობრივადაც არ არის ბევრი, ძროხები ბევრს ვეღარ იწველებიან”, – განუცხადა „რეზონანსს” ხონელმა გლეხმა.

გამოდის, რომ ყველის ფასები წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. გასულ პერიოდში, შედარებით ნაკლები იყო გლეხის ხარჯიც, ცხოველების საკვებიც. ასეთი პრობლემური არ იყო ბალახი და შესაბამისად, ყველი უფრო იაფი ღირდა.

სწორედ შეცვლილ ვითარებაზე საუბრობს აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა და ამბობს, რომ წელს ბაზარზე ყველის დეფიციტი შეიქმნა.

„ყველის ფასი გაზრდილია და ამის მიზეზი ისაა, რომ ბალახი შემცირდა, გვალვა იყო, მერე ცხელი ქარები. ბაზრებზე, ძირითადად, მოსახლეობის პროდუქტი დომინირებს და ბოლო დროს დეფიციტიც შეიქმნა. ამიტომ გაძვირდა, რა თქმა უნდა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ წელს ტურისტულმა სეზონმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ამ გარემოებამაც მოთხოვნაზე იმოქმედა, განსაკუთრებით საკურორტე ზონები მოთხოვნა და ფასმა, ძირითადად, იქ უფრო მოიმატა. ფასები ახლა დაახლოებით იგივეა, რაც იყო 2-3 კვირის წინ. საკურორტო ზონაში იმერული ყველი დაახლოებით, 17 ლარი ღირდა და სულგუნი 22-24 ლარი. რაც შეეხება თბილისს, ბაზარზე და მაღაზიებში იმერული ყველი 16 ლარი ღირდა, სულგუნი დაახლოებით – 19 ლარი, ხოლო ქარხნული ყველი – 22 ლარი.

რადგან ბალახიანობა შემცირდა, რა თქმა უნდა, ძროხების წველადობა მოიკლებს და ყველის ფასმა შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. ადგილობირივ მომხმარებელი იგივეა, უბრალოდ, როგორც გითხარით, ტურისტული ნაკადი გაზრდილია და ამის ხარჯზე მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა პიკმა უკვე მაინც ჩაიარა.

შარშანდელ პერიოდს წლევანელ ვითარებას ვერ შევადარებთ, რადგან მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყანაში. შარშან ყველი 10-12 ლარი ღირდა, მაგრამ მაშინ, როგორც უკვე გითხარით, სულ სხვა პროცესები მიმდინარეობდა.

შარშან ნედლი რძის ჩაბარების ფასი დაახლოებით იყო 70 თეთრიდან 1  ლარამდე, წელს არის დაახლოებით 1.20-1.70 ლარამდე. ინდუსტრიული ფერმები შეიძლება უფრო მეტად, 1.90-2.0-ლარშიც აბარებდნენ. ერთი კილოგრამი იმერული ყველის მიღებას საშუალოდ სჭირდება 6.5-7 ლიტრი რძე და 1.50 ლარზე რომ ვიანგარიშოთ, გამოდის 10.50 ლარი, ეს თანხა არის კილოგრამის წარმოება, როგორც რძის. იქ ხომ სხვა ხარჯებია, ამიტომ ავიდა 16-17 ლარზე.

შარშან კი, ერთ ლარზე რომ ვიანგარიშოდ, საშუალოდ 6 ლარი იყო საჭირო კილოგრამის წარმოება რძისთვის და სხვა ხარჯების დამატებით, ყველი იყიდებოდა 10-12 ლარში. მოიმატებდა, რა თქმა უნდა, რადგან მსოფლიო ბაზარზეც რძის ფასი გაზრდილია, მაგრამ, როგორც გითხართით, ამ პერიოდებს ერთმანეთთან ვერ შევადარებთ, რადგან სხვადასხვა პროცესები მიდის”, – განაცხადა  მიხეილ ჭიჭაყუამ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share