ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ ახლანდელი დრო ძალიან გადამწყვეტია და არსებული შესაძლებლობის გამოუყენებლობით საქართველო დიდი ხნით წააგებს. “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ხელისუფლებამ ეს პერიოდი გონივრულად უნდა გამოიყენოს.
“მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ქართველების წინაშეა ეგზისტენციალური შესაძლებლობა, ვინაიდან ახლა შეიძლება გაცილებით ადვილი იყოს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი საქმეა და ვაპირებ ამ იდეის გატანას, რომ დავეხმაროთ საქართველოს. ეს ერთი საკითხი.
მეორე არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ ხელოვნური მიზნებით თამაში – ზოგიერთი ქვეყანა ამას აკეთებს სანქციებისთვის გვერდის ავლით. არა თუ არ აწესებენ სანქციებს, არამედ ზოგიერთი ქვეყანა ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ეს ნიშნავს იმ მხარის გვერდით დგომას, რომელიც დღეს სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებს, ომის დანაშაულებს სჩადის. ეს მართლაც სერიოზული საკითხია”, – ამბობს ანა ფოტიგა.
მისი თქმით, კოლექტიურ დასავლეთთან ერთად სანქციების დაწესება შეიძლება ძალიან დროებითი, ძალიან რთული იყოს და ევროკავშირის, უფრო ფართო საერთაშორისო თანამეგობრობის, დემოკრატიული ქვეყნების საქმეა ამაში დაეხმარონ საქართველოს.
“დავეხმაროთ შემობრუნებაში. რეალურად ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა შემობრუნებისა ყველაფერში: სტანდარტებში, მართვის სტილში, კავშირებში, მომარაგების ჯაჭვებში”, – ამბობს ფოტიგა. მისი თქმით, შესიძლება არსებობდეს საშიშროება, რომ საქართველო სანქციებისთვის თავის არიდების საქმეში ჩართული იყოს.