სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე სოსო გოგაშვილის დღევანდელ წერილს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ადასტურებს.
სამხარაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც თავად მიუტანია კრებსები ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, მათ შორის პარტიის ოფისშიც.
სამხარაძე სუს-ში 2021 წლამდე მუშაობდა.
“მოსმენები დგება, იკინძება ეს კრებსები და მერე მიდის შესაბამის უწყებასთან და პიროვნებებთან. ბევრჯერ წამიღია კრებსი მეც, გაუტანებია გოგაშვილს ჩემთვის. წამიღია ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, დიმიტრი სამხარაძესთან, კახა კალაძესთანაც და უჩა მამაცაშვილთანაც. პირადად არა, მაგრამ გადამიცია კობახიძისთვის განკუთვნილი კრებსი. [მიმქონდა] პარტიაში, ერეკლე მეფეზე. კონკრეტული პიროვნება გამოდიოდა და იმას ვატანდით”- აცხადებს ის.
ფორმულას ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ სად გადასცემდა ბიძინა ივანიშვილს კრებსებს, სამხარაძე პასუხობს, რომ დოკუმენტები ხან მთაწმინდაზე მიჰქონდა, ხან მმართველი პარტიის ოფისში.
რაც შეეხება იმას, თუ რა სიხშირით მიჰქონდა კრებსები თანამდებობის პირებთან, სამხარაძე ამბობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თვეში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერაც.
დღეს, 15 სექტემბერს, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე ფარულ მოსმენებზე საუბრობს.
გოგაშვილის თქმით, “ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ კი უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2 000 ოპერატიული მუშაკი”.