“ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“ – მისი შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ევროკავშირი არ აღიარებს”-ჯოზეფ ბორელი

დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმებით რუსეთი ცდილობს, უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს და მიზნად ისახავს ძალადობრივად შეცვალოს უკრაინის საზღვრები გაეროს წესდების და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ.

“ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ.

რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „რეფერენდუმებში“ და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ჯოზეფ ბორელი რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი ურყევი რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share