ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროპის კარი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, არ უნდა დაიხუროს. POLITICO-სთან ინტერვიუში მიშელი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ღიაობა მათ მიმართ, რომელთაც არ სურთ, იყვნენ კრემლის ინსტრუმენტები.
ასევე, მიშელის ცნობით, პუტინის მიერ ჯარების ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილებამ რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
“ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვითანამშრომლოთ და მივიდებთ კონსესუსამდე, რადგან ეს ახალი მოცემულობაა – ნაწილობრივი მობილიზაცია.
პრინციპში, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, რომლებიც საფრთხეში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო არიან. თუ ხალხი საფრთხეშია, რადგან ისინი არ ეთანხმებიან კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ”. – თქვა მიშელმა.
ორშაბათს, ევროკავშირის ელჩები EU-ს ინტეგრირებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეაგირების (IPCR) ფარგლებში, რომელიც კრიტიკულ დროს სწრაფი და კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზე იმსჯელებენ.
აქამდე, ამ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის ქვეყნებში ერთობლივი პოზიცია არ არსებობდა. სექტემბერში ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას დათანხმდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ბლოკს მკაცრი ზომების მიღებისა და რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის სრული აკრძალვისკენ მოუწოდეს.