არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციების გამართვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შემოდგომაზე საპროტესტო გამოსვლების გამართვის გეგმა არსებობდა, თუმცა იგი ჩავარდა.
„ეს გეგმა არსებობდა და ჩავარდა. სექტემბრის ბოლოა, ოქტომბერი და მერე ზამთარი იწყება. არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკურ პარტიები, თუ მაგის ნიჭი და უნარი შესწევდეთ და ორგანიზაციული შესაძლებლობები, ამ პროტესტის სათავეში ექცევიან და პროტესტს მიმართავენ იმ მიმართულებით, რაც იმ პოლიტიკურ ვითარებას სჭირდება. საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის. ჩემი 30-წლიანი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, ხელოვნურად ამას ვერ გამოიწვევ. ეს ხალხში უნდა დაიბადოს და თუ შენ ნიჭიერი პოლიტიკოსი ხარ, შენ ამას იგრძნობ და ამ პროტესტს იმ გზაზე წაიყვან, რომელიც შენთვის იქნება საინტერესო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აღარ უნდა პროტესტები, ქუჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ დინამიკური განვითარება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის. თუნდაც, რეგიონში აბსოლუტურად უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. შესაძლოა, ამას ჯიბეზე ქართული საზოგადოება ვერ გრძნობს, მაგრამ პერსპექტივას ხედავს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.