რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
„ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, „ბირთვულ ღილაკს“ ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ – ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის – რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ ისაუბრა“, – აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ გამოჩნდეს ბირთვული იარაღი “არამეგობრულ მეზობლებში”, მათ შორის უკრაინაში, რომელსაც, როგორც მედვედევმა აღნიშნა, “დღეს პირდაპირ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები”.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები“, – აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ დასავლეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს ან საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„თუ რუსეთის მიმართ საფრთხე გადააჭარბებს დადგენილი საფრთხის ზღვარს, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და ხანგრძლივი კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი. მჯერა, რომ ნატო ამ სიტუაციაშიც პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ხომ ნატოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომაკვდავი უკრაინის ბედი, რომელიც არავის სჭირდება, თუნდაც ის უხვად იყოს მომარაგებული სხვადასხვა იარაღით“, – აღნიშნა მედვედევმა.