ფოტო: ამ ორ ფოტოს ზუსტად 29 წელი ჰყოფს-ასე გამოდიოდნენ რუსეთისგან იძულებით დევნილი ქართველები აფხაზეთიდან(მარცხნივ) და ასე შემოდიან საქართველოში პუტინის ომს გამოქცეული რუსები(მარჯვნივ)…
თავჩაქინდრული, სხვებთან ერთად ფეხით აღმართს მივუყვები, თავჩაქინდრული იმიტომ, რომ ომწაგებული ვიყავი, იმიტომ რომ ქართული მიწა ბოლომდე ვერ დავიცავი, იმიტომ,რომ ჩემს გვერდზე ვინც მოაბიჯებდა – ქალი, ბავშვი, მოხუცი, მშობლიური კერა ვერ დავუცავი ჩემი რუმინული „კალაშნიკოვით“, ორი ხელყუმბარითა და პაპაჩემის ნაჩუქარი პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ხიშტ-დანით…
სოფელ მერხეულიდან სოხუმს ზემოდან გადავხედე…
სოხუმი იწვოდა, ბოლი ცაში ადიოდა…
ცაში, მაღლა კი გამარჯვების თეთრი წრე შეეკრა გუდაუთის აეროდრომიდან აფრენილ რუსულ „სუ-27“-ს…
მაშინ ვინატრე, ღმერთო მანახა, რუსეთიც იმ გაჭირვებულ დღეში, როგორც ახლა, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს ჩემი საქართველო ჩააგდო-მეთქი…
დღეს 29 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. მართალია, საქართველომ სამწუხაროდ, იოტისოდენადაც ვერ წაიწია წინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ (პირიქით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ მხრივ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია), მაგრამ მგონი საქმე ჩემი 29 წლის წინანდელი ოცნების ასრულებისკენ, მცირედით მაინც, მიდის…
დღეს უკვე რუსეთის მოქალაქეები ეძებენ თავის შველას საქართველოში ომისგან (თუ რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები საზღვარზე ეს კიდევ სხვა თემაა), დღეს ის რუსი ოკუპანტები იღუპებიან უკრაინაში, რომლებმაც მანამდე ჩემი სამშობლო გაამწარეს, დღეს უკრაინის ციდან სწორედ იმ რუსულ „სუ-27“-ს აგდებენ, რომელმაც 29 წლის წინ სოხუმის თავზე გამარჯვების თეთრი რკალის შეკვრით, ჩემში ეს ოცნება ჩასახა…
ბოროტება არ შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს, მართალია სამი ათეული წელი ისტორიისთვის წამიც კი არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული…
თუკი ჰიტლერის დიქტატურა, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანი შეიწირა ევროპაში,1933 წლიდან 1945 წლამდე და საბოლოოდ ბერლინის ცენტრში, მიწისქვეშა ბუნკერშივე ჩაიხშო, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ 2000 წელს დაწყებული პუტინის დიქტატურა 2022 წელს თუ არა, უახლოეს ერთ-ორ წელში მაინც დაემხობა, სანამ მისი მსხვერპლი მართლაც ერთ მილიონ ადამიანს არ მიაღწევს?
არავინ იცის რას იზამდა ჰიტლერი, მისთვის ატომური ბომბის დამზადება რომ მოესწროთ, მაგრამ მის ორეულს – პუტინს, მთელი მსოფლიოსთვის სამწუხაროდ, აქვს ბირთვული იარაღი და თანაც ძალზე დიდი რაოდენობით.
რას შვება კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა?
სწორია, თავს გესხმის, რომ გასაქცევი გზა იპოვოს…
პუტინი იმ თაგვის პროტოტიპია, რომელმაც თხარა-თხარა და კატა გამოთხარა დასავლეთისა და ნატოს სახით…
და ახლა, როდესაც კუთხეში მოემწყვდია, იმ ვირთხად შეიძლება გადაიქცეს, რომელიც ბოლო შეტევაზე გადმოვა… ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი, ჯერ ერთი-ორი ტაქტიკური ბირთვული ქობინის უკრაინის რომელიმე ქალაქთან აფეთქების სახით, რომ მთელი მსოფლიო დააშინოს და გააოგნოს – ეს ბლეფი არ არის, როგორც უკვე დაიქადნა კრემლის მიწისქვეშა ბინადარმა.
მაგრამ სანამ საქმე მართლაც ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივა, მანამდე რუსეთი, როგორც თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი, შეიძლება უსწრაფესად ჩამოიშალოს ქვეყნის შიგნით სოციალური აფეთქებების სერიების შედეგად, რასაც ძალზე აჩქარებს იქ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია (თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამის საფრქვეშ სინამდვილეში სრულფასოვანი მობილიზაციაა დაწყებული არმიაში არა 300 ათასი, არამედ 1,2 მლნ რეზერვისტის გასაწვევად).
როდესაც კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მხოლოდ კონტრაქტით მომსახურე სამხედროები მონაწილეობდნენ და ეს არ ეხებოდა რუს ობივატელს, მაშინ ტელევიზორის ეკრანთან თბილად მოკალათებულნი გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს „ახალი მეფის“ – პუტინის მიერ რუსეთის იმპერიის აღზევებისთვის მეზობელი ქვეყნების მიწების „შემოერთებას“…
მაგრამ, როდესაც „უძლეველმა“ რუსულმა არმიამ უკრაინასთან ომში ცხვირი წაიტეხა, აღარ შეუძლია შეტევებზე გადასვლა და უკვე დაპყრობილის შენარჩუნებაც უჭირს, პუტინს ახალი „საზარბაზნე ხორცი“ დასჭირდა, ეს კი, უკვე აღარ „მოსწონს“ რუს ობივატელს, მას არ უნდა უკრაინის ომის ჭაობში უსახელოდ „ჩახრჩობა“ და ამიტომაც გარბის ქვეყნიდან, მაგრამ როდესაც კრემლი საზღვრებს ჩაკეტავს, ეს ათეულობით მილიონი უკმაყოფილო მასა რას მოიმოქმედებს რუსეთის შიგნით?
kvirispalitra.ge