მიიღებენ თუ არა ევროპის ქვეყნები მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს

ტელეგრამ-არხი „მედუზა“ რამდენიმე ევროპული ქვეყნის სიას აქვეყნებს, რომელთა ნაწილი უარს აცხადებს მობილიზაციას გაქცეული რუსების მიღებაზე, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოითხოვონ თავშესაფარი და შესაბამისად, მიიღონ კიდეც.

გერმანია

„როგორც წესი, დეზერტირებს, რომლებსაც ადგილობრივები რეპრესიებით ემუქრებიან, გერმანია საერთაშორისო დაცვას სთავაზობს. ყოველ ადამიანს, რომელიც პუტინის რეჟიმს აპროტესტებს და თვლის, რომ საფრთხე ემუქრება, პოლიტიკური დევნის მიზეზით გერმანიას შეუძლიათ თავშესაფარი სთხოვონ“, – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომ “რუსებს, რომლებსაც არ მოსწონთ პუტინის მიერ არჩეული გზა და უყვართ ლიბერალური დემოკრატია, გერმანიაში სიხარულით ელოდებიან”.

ჩეხეთი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსებზე, რომლებიც მობილიზაციას ემალებიან.

ლატვია

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაწერა თავის ტვიტერზე, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს არ გასცემს.

ესტონეთი

მობილიზაციას გაქცეულ რუსებს არც აქ უშვებენ.

ლიეტუვა

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვილნიუსს არ აქვს მიზანი ან საშუალება, გასცეს ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებიც ამ საკითხზე მიმართავენ.

ფინეთი

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს უფროსი, იუსი ტანერი აცხადებს, რომ ფინეთი არ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუს მამაკაცებზე, თუკი იარსებებს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ისინი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებენ.

ევროკომისია

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ უნდა დაიცვას იმ რუსების უფლებები, რომლებიც მობილიზაციის დროს თავშესაფარს ითხოვენ.

21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ნაწილი მეზობელ ქვეყნებში გარბის, როგორც აღმოჩნდა, უკეთესი მდგომარეობა არც ევროპაშია. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, Frontex-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 30%-ით მეტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share