მობილიზაციის გამოცხადებიდან 1 კვირის თავზე საქართველოს საზღვართან რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი საცობი სულ უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით, 21-27 სექტემბრის პერიოდში საქართველოში 80 ათასამდე რუსი შემოვიდა.
რუსეთის მოქალაქეები ჰყვებიან, რომ გზაში მათ უწევთ დიდი თანხის გადახდა – ქრთამებისთვის, ტაქსებისთვის და ასევე, ველოსიპედების საყიდლად, რომელიც საცობის პირობებში გადაადგილების ყველაზე მოხერხებულ გზად იქცა.
მათი ისტორიების ნაწილს რეპორტაჟში გამოცემა Meduza ჰყვება.
ტაქსი, რომელიც აეროპორტიდან სტეფანწმინდამდე 724 ლარს ითხოვდა
ვალენტინა და მისი ორი ვაჟი საქართველოში თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, რეპორტიორებს ის აეროპორტში შეხვდა მაშინ, როდესაც მისი ქმარი – რეზერვში მყოფი ოფიცერი, ჯერ კიდევ „სადღაც საცობში“ იმყოფებოდა.
ქალი ჰყვება, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ოჯახი დიდხანს ვერ წყვეტდა, დაეტოვებინა თუ არა ქვეყანა. ბოლო წვეთი მათ კარზე კაკუნი იყო – „არც კი ვიცით, ვინ დააკაკუნა. არ გავაღეთ,“.
მეორე დილასვე ოჯახმა ბინის გასაღები ნათესავს დაუტოვა, რათა მას კატა გამოეკვება და ყვავილები მოერწყო.
„ნათელი იყო, რომ [რუსეთში] კარგი არაფერი მოხდებოდა. საქართველოში ჯერ უცნობია, თუმცა, ალბათ, აქაც კარგი არაფრის მოლოდინი არ გვაქვს,“ – აცხადებს ვალენტინა.
Meduza-თან ინტერვიუში ის დასძენს, რომ თან „მირის“ საბანკო ბარათი აქვს, რომელიც რუსეთის საზღვრებს მიღმა, ძირითადად, არ მუშაობს, ასევე ცოტაოდენი ნაღდი ფული. თბილისში მას ნაცნობები არ ჰყავს.
ქმარს ქალი სტეფანწმინდაში უნდა შეხვედროდა – მას შემდეგ, რაც ის „ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტს გადაკვეთს. ვალენტინა იხსენებს, რომ აეროპორტში მასთან ეგრევე მივიდა ტაქსისტი და შესთავაზა, რომ სტეფანწმინდამდე 15 ათას რუბლად წაიყვანდა, რაც 28 სექტემბრის კურსით 725 ლარია.
„ამაზე იაფად მაინც ვერ ჩახვალთ. აქ რამდენ ხანს უნდა იდგეთ, ვის ელოდოთ?“ – უთხრა ქალს მძღოლმა, ვალენტინაც ამ თანხას დასთანხმდა.
როგორც „მედუზა“ წერს, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან თბილისამდე ტაქსების ფასი 250 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
„3000-რუბლიან ქრთამს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მობილიზაციასთან პრობლემები შეგექმნებათო“
„ლარსთან“ საცობში დგომა მოუწია 43 წლის სერგეისაც. მან სთხოვა Meduza-ს, რომ ნამდვილი სახელი და ვინაობა არ გაესაჯაროებინათ. სხვა კაცების მსგავსად, მასაც უწევდა მობილიზაცია.
კაცი ამბობს, რომ თავდაპირველად არ გეგმავდა რუსეთის დატოვებას და ფიქრობდა, რომ ნათესავებთან დაიმალებოდა სოფელში, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა – სწორედ რეგიონებიდან დაიწყო გაწვევა.
სერგეიმ ცოლი რუსეთში დატოვა. იხსენებს, რომ გზაში, ვლადიკავკაზთან ახლოს – „გვთხოვდნენ ქრთამს – 3 ათას რუბლს [დაახლოებით 145 ლარი]. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვპირდნენ, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები იქნებოდა,“ . საბოლოოდ, სერგეი ამბობს, რომ 1 000 რუბლზე [დაახლოებით, 50 ლარი] შეთანხმდნენ.
კაცის თქმითვე, ვლადიკავკაზთან საპატრულო პოლიცია გამიზნულად აფერხებდა მოძრაობას – ნაწილ-ნაწილ უშვებდა მანქანებს: 20 მანქანას ყოველ 30-40 წუთში.
გზაზე რუსეთის მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ ასევე სთავაზობენ ე.წ. ბუფერული ზონებისა და შესაბამისად, საცობების თავიდან არიდებას. ამ ინფორმაციისთვის, 2 000 რუბლის, დაახლოებით, 100 ლარის ითხოვენ. სერგეი ამბობს, რომ თავად შეისწავლა რუკა და შესაბამისად, საცობის ნაწილს გვერდი დამოუკიდებლად აუარა.
სერგეის თქმით, 25-26 სექტემბერს ფასები ამ ინფორმაციასა და ასევე გადაყვანაზე, გაიზარდა 40 ათას რუბლამდე. ეს თითქმის 2 000 ლარია.
რაც უფრო უახლოვდებოდა სერგეი საქართველოს საზღვარს, მით უფრო ნელდებოდა საცობის მოძრაობა. რაღაც მომენტისთვის კაცი მიხვდა, რომ 500 მეტრის გასავლელად 9 საათი დასჭირდა. 27 სექტემბრის დილას კი მან გადაწყვიტა, რომ მანქანა იქვე მიეტოვებინა და ველოსიპედით გაეგრძელებინა გზა.
საცობის გავლისას მან ნახა, რომ ადგილები ასევე იყიდებოდა სხვადასხვა მანქანაში. ფასი 25 ათას რუბლს აღწევდა, დაახლოებით, 1 200 ლარს. ამასთანავე, იყო შემოთავაზებები საქართველოში სასაზღვრო პუნქტის გვერდით ავლის შეღწევასთან დაკავშირებით. ეს არალეგალური გზა 3 ათასი რუბლი ღირდა. თუმცა, ყველაზე სწრაფი გზა საზღვრის გადასაკვეთად ფეხით სიარულია.
სერგეი ამბობს, რომ ცოლთან ერთად რუსეთში ორი შვილიც დარჩა. მან ჯერ არ იცის, რას მოიმოქმედებს სამომავლოდ.
რუსეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, ეგორმა, „მედუზას“ უამბო, რომ მისი აღქმით, ვლადიკავკაზში სამოქალაქო მანქანა სპეციალურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია, თუ საპირისპირო ზოლში არ გადახვალ. ამ დროს მოდის მილიცია და ქმნის პრობლემას, თუ ქრთამს არ მისცემ.
ეგორისვე თქმით, მრავალკილომეტრიანი საცობისთვის გვერდის ავლა საპირიპირო, თავისუფალ ზოლში გადასვლით შეიძლება, თუმცა თუ მანქანას ჩრდილოეთ ოსეთის ნომრები არ აქვს, აჩერებენ და აჯარიმებენ, ოსურ ნომრებზე კი თვალებს ხუჭავენ. ამ გზით ადგილობრივ მოსახლეობას ქვეითად მყოფი რუსები ფულის სანაცვლოდ გადაჰყავთ საქართველოს საზღვრამდე.
ეგორმა „მედუზას“ ასევე უთხრა, რომ მათ მილიციელებმა მათ შესთავაზეს 1000 დოლარი სანაცვლოდ საზღვრამდე მიცილება სპეციალურმანათობლებიანი მანქანებით.
„ეს განუკითხაობაა“, — მიაჩნია მას.
მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.