ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება.
ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ.
ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვაზე იყო საუბარი.
„ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხედვლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში მიიღო გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა კომპანიამ უკვე მიიღო,“ – აღნიშნა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
„ბათუმელებმა“ პროექტის პრეზენტაციის დღესვე სცადა გაერკვია რა სახის ნებართვა იყო გაცემული, თუმცა ვერც საქართველოს და ვერც აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ვერ მიიღო.
ერთ-ერთი ბოლო მცდელობისას, 27 სექტემბერს კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ეს მოგვწერეს:
„სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გაცემულია ნებართვა ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის, მშენებლობაზე“.
„უშუალოდ კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებას ცალკე პროცედურა დასჭირდება“, – გვითხრეს 27 სექტემბერს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერჯერობით კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიას მათთვის ჯერ არ მიუმართავს. კუნძულის მშენებლობას ცალკე ნებართვა დასჭირდება.
ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე], „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ასეთი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო.
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობის ფარგლებში 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს.
ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. საქართველოს პრემიერის თქმით, ამ პროექტში კერძო კომპანია მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარის დაიხარჯვას გეგმავს და ამასთან, 2 000 ადგილობრივი დასაქმდება.