პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნების დიპლომატიური დეპარტამენტის პრესსამსახურები ავრცელებენ.
კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისკენ თავის შეკავებას ურჩევს, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ პოლონელებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. პოლონეთის პოლიტიკა გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვარშავა მას არამეგობრულ სახელმწიფოდ აღიარებს.
“რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, პოლონეთის დიპლომატიური სამსახური მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს”. – წერია განცხადებაში.
მსგავსი გაფრთხილება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ბულგარეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ პირობებს და სიტუაციის განვითარებას. ბულგარეთის მოქალაქეები, თუ დახმარება სჭირდებათ, მიმართეთ ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მოსკოვში”. – ვკითხულობთ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ლატვიამ საკუთარი ჯარების მობილიზება დაიწყო. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ჯარში გაწვევას გაურბიან, ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე უარი თქვა.