უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე გაიცა – ამის შესახებ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საფუძვლის მიხედვით, დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი ტიპის ნებართვები:
-შრომითი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;
-სასწავლო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
-ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით – გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
-საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
-მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა – გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
-საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე.
-დროებითი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
-მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
-სპეციალური ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული; ასევე, უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; ან უცხოელზე, რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5 წელი;
საქართველოში მუდმივის ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
– მუდმივი ცხოვრების ნებართვა – გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
– უვადო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
(ოჯახის წევრებად მიიჩნევიან საქართველოში საინვესტიციიო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის მშობელი);
უკრაინაში რუსთის შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოსვლა კვლავ გრძელდება. IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის სტატისტიკას, პარალელურად ორგანიზაციამ გაანალიზა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კუთხით არსებული ტენდენციებიც.
2022 წლის 5 აგვისტოს IDFI-იმ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, გამოითხოვა 2019-2022 წლების პირველი მარტიდან პირველ აგვისტომდე (თვეების მიხედვით) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების და ბინადრობის ნებართვების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკა. Სააგენტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი IDFI-ს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, 1 თვის დაგვიანებით მოაწოდა.
მიღებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (მარტი- ივლისი) საქართველოში ბინადრობის ნებართვის თხოვნით სააგენტოს მიმართა რუსეთის 2,032-მა მოქალაქემ, საიდანაც დაკმაყოფილდა 1,598 განცხადება, ხოლო უარი ეთქვა რუსეთის 434 მოქალაქეს.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობისა და დაკმაყოფილების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება. Მაგალითად, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. Აღნიშნული მატება კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2019 და 2020 წლებთან შედარებით.
კერძოდ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან (მარტი-ივლისი) შედარებით, 2022 წელს 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ხოლო დაკმაყოფილებულმა განხცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.