“ყუთები, იარლიყები და იარლიყმიწებებულს ყუთში მოთავსება მძულს. საზოგადოებაში, ინტერნეტში და, ზოგადად, მსოფლიოში კი ამის გაკეთება უყვართ, რადგან ასე თავს დაცულად გრძნობენ.
ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლაა ამ გამორჩეული იდენტობის დასაცავად. რაც უფრო ცდილობ, საკუთარი თავი იყო, მით მეტად გხვდება სახეში მუშტი. თუმცა, რა მაგარია, რომ ერთიმეორისგან განვსხვავდებით.
შენი ამოცანა დარტყმისა და ძირს დაგდების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და ნამდვილი მეობისკენ სვლის გაგრძელებაა.
მოდას ყუთები და იარლიყები ყველაზე მეტად უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, ხმაურის გამომწვევი, პოპულარული, აზრი არ აქვს, არავის ადარდებს. მდიდრული მოდის დახვეწილ, საგანგებო და შესახედავად ძვირფას ყუთში მოქცევა შეზღუდული და დრომოჭმული პრაქტიკაა. მოდაში ინდივიდუალიზმი ჩამოქვეითებულია ფსევდოტენდენციებამდე, რომელთაც იმ დროის რომელიმე ვარსკვლავის ‘სთორიში’ გაზიარებული პოსტი განსაზღვრავს.
მე კი გადავწყვიტე, სიტყვიერად აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინი, ამის ნაცვლად, მსურს, განწყობა გადმოვცე. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და მას მხოლოდ სხვისი თვალით დანახვა სჭირდება. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას ვიღაცაზე გასაყიდად ‘სთორი’ არ უნდა დასჭირდეს. ის ან მოგწონს, ან — არა.
ეს შოუ სიმართლის ძიებისა და რეალისტობის ერთგვარი მეტაფორაა. დაე, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან. დაე, სიყვარულით დავკავდეთ და არა ომით.”
ამბობს ქართველი დიზაინერი და ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი 2023 წლის საზაფხულო კოლექციის წარსადგენ განცხადებაში.
[თარმანი on.ge]