2 ოქტომბრის მდგომარეობით, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი მე-400 პოზიციაზე იმყოფება.
კერძოდ, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მისი ქონება 5.45 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ეს კი წლიურ ჭრილში 600 მლნ დოლარით ანუ 9,9%-ით არის შემცირებული. 2021 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, მისი ქონება 5,92 მლრდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
Bloomberg-ს ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა.
რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, დღეის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 522-ე ადგილზეა.