ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით, ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას.
“კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად:
– მთელი სახელმწიფო აპარატი: პროკურატურა (ჩვენი დათვლით 30-მდე პროკურორი და გამომძიებელი), სუსი, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, სასამართლო, ექსპერტიზის ბიურო და ა.შ. კანონიერი თუ უკანონო გზების გამოყენებით აქტიურადაა ჩართული მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობისა და მსჯავრდების უზრუნველყოფის პროცესში;
– ადვოკატებს დღემდე არ გვეძლევა საშუალება, პირისპირ, ტელეფონის გარეშე გვქონდეს ივერი მელაშვილთან კომუნიკაცია;
– ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ გადმოგვცემია იმ რუკების ასლები, რომელიც ჩვენთვის მთავარი მტკიცებულებაა და ამოღებული აქვს პროკურატურას;
– დღემდე ვისმენთ და ვხედავთ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებასა და ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას”, – წერს მშვენიერაძე.