საქართველოს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი დაინიცირდა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს კანონი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება, აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას.
პროექტში განსაზღვრულია კრიტერიუმები თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი (ოლიგარქი)
1. ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს, ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად):
ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს (ცნობისთვის, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 246.8 ლარს შეადგენდა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აქტივების ღირებულება გამოითვლება იმ პირისა და იმ მეწარმე სუბიექტების აქტივების საერთო ღირებულებით, სადაც ის ბენეფიციარია. ის აქტივები, რომელთაც პირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფლობს, ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.
bpn.ge