ბახვის, ლანჩხუთის, ნიგოითის, ჩიბათის, ჯურყვეთის, ჯუმათის და ძიმითის სკოლების მდგომარეობა 1874-1875 წლებში

(წერილი – დროება 1875 წელი 21 მარტი #34)
.
უფრო დაწინაურებულია ბახვის საზოგადოების სასოფლო შკოლა, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსმა 1874 წელს დაარსა თავისი ხარჯით. ეს შკოლა კარგი ორ ეტაჟიანი შენობაა და რიგიანი მასწავლებელიცა ჰყავს. ამ შკოლაში ახლა 138 მოსწავლენი დაიარებიან, რომლებსაც ძლიერ კარგათ და მოსაწონად ასწავლის ახალის მეთოდით შკოლის მასწავლებელი და მოსწავლეებიც ძლიერ ხალისიანად სწავლობენ. მალე მეორე მასწავლებელსაც დაუმატებენ. ამას გარდა ისმის, რომ ზევით ეტაჟში ქალების შკოლის გახსნასაც აპირებს შკოლის დამარსებელიო.
.
მეორე კარგი შკოლა არის დაბა ლანჩხუთს აშენებული საზოგადოების ხარჯით და მასწავლებელიც რიგიანი ჰყავს უ. ინსპექტორის განკარგულებით დაყენებული. ეს შკოლა აკურთხეს წარსულ 1874 წლის ოქტომბრის თვეში. შკოლაში ამჟამად 110 მოსწავლენი არიან.
.
მესამე შკოლა ნიგოითის საზოგადოებაში არის, საცა 112 მოსწავლენი სწავლობენ ახალის მეთოდით, ძლიერ კარგად და ხალისიანად. ეს ნიგოითის საზოგადოება შესდგება 221 დროებით-ვალდებული გლეხების და ადგილობით ბატონების მაჭუტაძეებისაგან. რომელნიც რაც შეიძლება კარგ შემწეობას აძლევენ შკოლას.
.
მეოთხე ჩიბათში არის, რომელშიაც 76 მოსწავლენი ირიცხებიან და მათთან კარგი მასწავლებელიც.
.
ამას გარდა გურიაში სხვა გვარიანი შკოლებიც არიან, მაგრამ ყველაც ჩამოთვლად საჭიროდ არ ვრაცხთ.
.
ჯურყვეთის შკოლას, სწორეთ სამაგალითო შკოლაა სიძველისა და სიცუდის გამო. ამ იანვრის თვეში იატაკი და ბუხარი ორივე დანგრევია, და ახლა შკოლა დროებით ერთ სოფლის კანცელარიის ოთახში გადაუტანიათ. ამ შკოლის შეგირდებმა როგორც მითხრეს სრულებით არაფერი არ იციანო.
.
ჯუმათის შკოლა დიდი ხნიდგან არის დაარსებული; 1868 და 1869 წლებში სამაგალითო სოფლის შკოლად ითვლებოდა, 80 მეტი მოსწავლენი ირიცხებოდნენ, მერმე კი დაეცა სოფლის მოხელეების დაუდევრობით: რაც რომ აუშენებიათ მას მერმეთ არაფერი არ გაუკეთებიათ. გასრულის 1874 წლის რევიზიის დროს ინსპეტროს მხოლოდ 13 მოსწავლენი დახვდა შკოლაში, ახლა 18 მოსწავლენი ირიცხებიან. საზოგადოება შედგება 500 თუ 600 საეკკლესიო თუ სახელმწიფო გლეხებისაგან. ჯუმათში ახლა ახალი მასწავლებელია და ცდილობს რაც შეიძლება ბევრი მოსწავლენი შეაგროვოს და კარგათ ასწავლოს.
.
ძიმითის საზოგადოების შკოლა აქამდის კი მართალია კარგა დაწინაურებული იყო იქაური მასწავლებლის მეცადინეობით, მაგრამ ეს მასწავლებელი გასრულის 1874 წლის ნოემბრის თვიდან ბახვის საზოგადოების შკოლაში არის გადაყვანილი მასწავლებლად ინსპექტორის განკარგულებით, და ახლა თუ როგორ მიდის ძიმითის საქმე კარგათ არ ვიცი.
– ავტორი – კ. კალანდარიშვილი
– ბახვის სკოლის მოსწავლეები 1905 წლის ფოტო
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share