“გამორიცხული არ არის, მოგვიწიოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა”- განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა.
მისი თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.
არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლას გამოწვევა უწოდა. ზურაბიშვილი თვლის, რომ “მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს”.
რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ კონტროლის ყველა მექანიმზი გამოყენებულია იმისთვის, რომ საფრთხე არ გაჩნდეს. ამისთვის, მე მგონი, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების მეტად ინფორმირება, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი ხელისუფლების მიერ რეალურად გათვალისწინებულია”- აღნიშნა პრეზიდენტმა.