ეკა ბესელია „ოცნების“ მიერ PACE-ის რეზოლუციაზე ხმის არ მიცემას გაუმართლებელს უწოდებს.
პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე, მითუმეტეს უკრაინის მოვლენების ფონზე, აუცილებელი იყო მმართველ გუნდს პრინციპულად და ღიად მოეხდინათ პოზიციის დემონსტრირება.
ბესელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ თემასაც კი ვერ უნდა გადაეფარა ის მნიშვნელობა, რაც ამ ისტორიულ რეზოლუციას ჰქონდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი არ უნდა ყუოფილიყო მმართველი გუნდისთვის ის დაბრკოლება, რომ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ.
გამართლება არ აქვს, რატომ შეიძლება არ მიეცა ხმა ხელისუფლებას იმ დოკუმენტისთვის, სადაც საუბარია განსაკუთერებით ოკუპაციის თემაზე, ჩვენი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე და მით უფრო, უკრაინის მოვლენების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრინციპული და ღია პოზიციის დემონსტრირება. თუნდაც ერთი კონკრეტული თემა, ყოფილი პრეზიდენტის, ვერ გადაფარავს იმ მნიშვნელობას, რაც ჰქონდა ამ რეზოლუციას“. – ამბობს ბესელია.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც “ოცნებამ” რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა – ,,ტერორისტული რეჟიმი”. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.