კ ა ლ ა ნ დ ა კალანდა ტრადიციული გურული დღესასწაულია, გურულების ახალი წელი. „კალანდა“ წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული გაცილებით გვიან დგება. ისინი კალანდას 14 იანვარს აღნიშნავენ. ახალ წელს გურულები ეპატიჟებიან მეკვლეს და მეკვლის შემობრძანებას განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა.
კალანდა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა. გურულები წმინდა ბასილის პატივსაცემად ჩიჩილაკს რთავენ.
ტრადიციული, გურული ოჯახი კალანდისათვის მზადებას 13 იანვარს იწყებდა. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას. ცხემლისჭრის დღისთვის ვახშმად ამზადებდნენ ინდაურის ხორცისგან საცივს, ხარშავდნენ კარგად გასუქებული ღორის თავს. საგანგებოდ აცხობდნენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს. ბებიები და დედები ამ დღისათვის სპეციალურად შენახულ ჩურჩხელებსა და ტკბილ კვერებს ბავშვებს ურიგებდნენ . საღამოს ანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს.
ღვინის სმის დროს ამბობდნენ: „მრავალ ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო“.
ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ თხილის სწორ ხეს, ამოარჩევდნენ მისგან საჩიჩილაკე ღეროს და თლიდნენ. გამზადებულ ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და ტკბილეულით რთავდნენ. კალანდის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ. მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, გურულებმა მაინც შეძლეს კალანდის ლამაზი ტრადიციის შენარჩუნება. გურიაში ახალი წელი დღესაც 14 იანვარს დგება…