32 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1989 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ – პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების “მრგვალმა მაგიდამ” შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.
1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა, სახელწოდებით “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო”. (1. “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” (81 დეპუტატი) 2. საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი) მაჟორიტარული: 1. “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” (43 დეპუტატი) 2. კომპარტია (17 დეპუტატი) 3. სახალხო ფრონტი (11 დეპუტატი) 4. “დემოკრატიული საქართველო” (2 დეპუტატი) 5. რუსთაველის საზოგადოება (1 დეპუტატი))
არც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და მით უმეტეს, არც საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულ არჩევნებს. ამდენად, ეს მრავალპარტიული არჩევნები საბჭოურ არჩევნებად ვეღარ ჩაითვლებოდა.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები” (ამოღებულია სსრ) და არა – “საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები”, რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად.
საბჭოთა კანონით ყველა პარტია თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას გადიოდა იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ იმის გამო, რომ არც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და მით უმეტეს, არც საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულობას, ყველა პარტია დარეგისტრირდა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით, საარჩევნო კომისიებში დაამატეს წევრები ეროვნული მოძრაობიდან და დამოუკიდებელი ორგანიზაციებიდან.
საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა.
გამარჯვებული “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა “საქართველოს რესპუბლიკა”, აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას _ “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” _ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.
1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.