ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ღონისძიება “ბიობლიცი” გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სტუმრებმა მოინახულეს სოფელ ხიდისთავის პარკი, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ “გურიის ეროვნული პარკის დაარსების” პროგრამის ფარგლებში საბავშვო ატრაქციონებით აღიჭურვა.
“ბიობლიცში” მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის პირველ ეტაპზე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გასცნობოდნენ გურიის ბიომრავალფეროვნებას და მიეღოთ ინფორმაცია იშვიათი სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე.
დასკვნით ეტაპზე მათ წარმოადგინეს იშვიათი ფლორისა და ფაუნის შესახებ შექმნილი ნაშრომები.
ღონისძიება “გურიის ეროვნული პარკის დაარსების” პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი პროექტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
შვედეთის ელჩმა, მუნიციპალიტეტის მერთან და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დირექტორთან ერთად, გამარჯვებულ სკოლებს განსაკუთრებული ჯილდოები გადასცა.
პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.