რუსი ტელეწამყვანი და ცნობილი ტელესახე, ქსენია ბოროდინა, რომელიც აფხაზეთშიც არის ნამყოფი, ახლა თბილისში ისვენებს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
ბოროდინას თქმით, აფხაზეთში ნამყოფია, საქართველოს საზღვარზე კი ამის შესახებ არაფერი უკითხავთ და უფრო მეტიც საზღვარზე “გულითადად შეხვდნენ”.
“არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.
დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი”, – თქვა მან. [თარგმანი “ფორმულა”]
აფხაზეთში ყოფნის ფოტო და ვიდეო მასალა ბოროდინას სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ვკითხულობთ:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.