ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია „ბაგის“ დელეგაცია პოლონეთიდან.
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრთან“ პარტნიორობით, ასოციაციამ 2021 წელს წამოიწყო პროექტი „ტურისტული ბრენდი, როგორც გურიასა და ევრორეგიონ ბაგის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერების შესაძლებლობა“.
გურიის რეგიონში შემავალმა სამივე მუნიციპალიტეტმა და ზემოაღნიშნულმა ასოციაციამ გასულ წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტის გაძლიერებაზე.
ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, პარტნიორებმა შეიმუშავეს ახალი ორწლიანი პროექტის „Guria- CELEBRATE LIFE“ განხორციელების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ტურისტული შესაძლებლობების მუნიციპალიტეტების დონეზე გაძლიერებას, გურიის რეგიონის ბრენდის სტრატეგიისა და ტურისტული პროდუქტების კონცეფციის შემუშავებას, ტურისტული ბრენდის პარტნიორობის შექმნას, ასევე, გურიის ბრენდის მონაწილეობას ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
შეხვედრის ფარგლებში მოინახულეს უდაბნოს მამათა მონასტერი, „ნაბეღლავის“ ქარხანა, „შატო ბუკისციხე“, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ბოლოს კი ხილის ჩირის საწარმო „სკიჯს“ ეწვივნენ სოფელ ხიდისთავში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, ქალაქ ჰრუბიეშოვის მერი მარტა მაიევსკა, ქალაქ ვლადავას მერი ვისლავ მუზინსკი, ევრორეგიონ ბაგის დირექტორი გალინა გრაბარჩუკი, პოლონეთის საბჭოს პრეზიდენტი-აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრი- ნატალია გმურკოვსკა, ჩოხატაურის მერიის უფროსი სპეციალისტი ტურიზმისა და კურორტების საკითხებში ანა შარაშენიძე და ლუბლინის მარშალის ოფისის თანამშრომელი ეველინა დოლინსკა.