ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.
„არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა, სამყაროს გაფართოების შიში და ახლის გაცნობის უუნარობა, შემდეგ ამ ახლის შეყვარების და თავის გამოცდილებებში ჩართვის ნიჭის არქონა.
“სოფელი ცარიელდება” – არასწორი ფორმულირებაა. 21-ე საუკუნეში სოფლებში დიდი მოსახლეობა ვეღარ იცხოვრებს და არც ჩვენი სოფლებია იმხელა, რომ ყოველ სოფელში ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს, და არც ჩვენი ქვეყნის პოპულაციაა იმხელა, რომ ყველგან ბევრი ვიყოთ.
სოფელს კი არა, ქალაქებსაც აკლია ადამიანური რესურსი, საიმისოდ, რომ ქალაქად იწოდებოდეს და საკმარისად განვითარდეს.
მსჯელობა უნდა იყოს ყოველი ჩვენი სოფლის სპეციფიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, ფერმერობის და სხვა შესაძლებლობებზე, რომელ მხარეში რა შეიძლება გაკეთდეს და ამას არ სჭირდება მილიონობით მაცხოვრებელი. სოფლის მშენებლები, შესაძლოა პირიქით, ქალაქიდან სოფლისკენ მიბრუნებული, ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ხალხი აღმოჩნდეს.
მოკლედ, ვფიქრობ, ადგილები უნდა ჩავანაცვლოთ ხშირად ამ ჩვენს ერთი ციცქნა ქვეყანაში. მოძრაობას რაც შეეხება, სოფლებიდან ქალაქში კი არა, 20 წლის ასაკიდან მოყოლებული, ფეხდაფეხ უნდა მოიაროს ყველა ქართველმა დედამიწა. საზღვრები საბედნიეროდ ღიაა. მოიარონ და დაბრუნდნენ.
აბა ისაა საქმე, ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნის მოსახლეობა სასეირნო ნავებსაც რომ არ ამზადებდა და კოჭებსაც არ ისველებდა წყალში? მოკლედ, აღსდექ საქართველო და იმოგზაურე, ეძებე ბედი ყველგან და ყველაფერში. არავინ მოგატყუოთ, რომ ლობიოს თესვაა თქვენი ოჯახების საუკუნო მოვალეობა.
აცადეთ ბავშვებს, იოცნებონ მარსზე ცათამბჯენების აშენებაზე და ვისაც ლობიოს ფასი არ მოსწონს, დათესოს აივანზე, ქოთანში.
და ნუ, ეს უკვე ხუმრობით, – სიამოვნებით შევისყიდიდი 2 მილიონ ფერად-ფერად ბავშვს და ჩამოვარიგებდი კარგ და კეთილ ოჯახებში და ყოველ ახალ წელს, ერთ დღეში 2 მილიონით გავზრდიდი მოსახლეობას.
რამდენიმე წელი რამდენიმე პარტია 2 მილიონი ბავშვი რომ შემესყიდა, ხუთწლედში რარიგ მოვყოჩაღდებოდით დემოგრაფიულად, ხომ წარმოგიდგენიათ. გირჩელებს რომ ბავშვების გაყიდვაზე უჭირავთ თვალი, წელს იქნებ შესყიდვაზე ორიენტირებული გახდნენ. ოღონდ პამპერსიანი ბავშვები რთული მოსავლელია, 3 წლიდან არის ბავშვი საჩუქარი.
რა გაჩუქო ახალ წელს? – ორიოდე კორეელი ბავშვი!!! ან – ვოცნებობ პატარიკა და-ძმა ვიკინგზე და ეგეთები. ტორტში ჩასკუპებულ შოკოლადის ბავშვს რომ მოგართმევენ აფრიკიდან, უკეთესი რა უნდა ინატრო.
დანარჩენი ბავშვები ჩვენით გავაჩინოთ, რამდენსაც შევძლებთ და ვიქნებით ანჯელინა ჯოლები და ბრედ პიტები და იმდენი გავხდებით, რომ ხლაპუშკას რომ გაისვრიან ჩვენი ფერად-ფერადი ბავშვები და მათი ქართველი საყვარელი მამები ორ-ორჯერ წელიწადში, თურქეთი ბოსფორის სრუტეს თავის ნებით გვაჩუქებს და რუსული ჯარი გაიქცევა შიშისგან”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.