საქართველოს პრემიერმინისტრს 150 000 ლარი მშობლებმა აჩუქეს. მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში დაწერა, რომელიც 29 ოქტომბერს შეავსო. პრემიერის ოჯახს დანაზოგიც აქვს – 50 000 ლარი. ირაკლი ღარიბაშვილი არც თბილისში ბინების რაოდენობას უჩივის. მის სახელზე დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში სამი ბინაა გაფორმებული. ღარიბაშვილების ოჯახის მფლობელობაშია ორი ძვირადღირებული მანქანა.
ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის 2019 წელს გამოშვებული აუდი A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროა. პრემიერის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაშია RANGE ROVER VELAR, რომელიც 46 000 ევროდ შეიძინეს. თუმცა ამ დეკლარაციაში არ მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული საათების კოლექცია. არადა მისი მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. პრემიერიცა და მისი მეუღლეც საჯარო შეხვედრების დროს ატარებდნენ საათებს, რომელთაგან თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.
„პატეკ ფილიპი” – 100 ათასი დოლარი ღირს – დამზადებულია შვეიცარიაში, 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან. ღარიბაშვილი ატარებს მსოფლიო ხუთეულში შემავალი ცნობილი ბრენდის – ბრეგეს ორ საათს – ბრეგე კლასიკსა და ბრეგე მარინიას. ორივეს ღირებულება ერთად მინიმუმ 36 ათასი დოლარია. შაფჰაუზენის ორი საათი- მოდელი პორტოფინო – ალიგატორის ტყავის სამაჯურით და მოდელი ავიატორი – რომელიც შეზღუდული რაოდენობით არის გამოშვებული და სახელად – პატარა პრინცი ჰქვია.
ღარიბაშვილების ქონებას კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება. 2021 წლის ბოლოს პრემიერს ცოლს ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში 6000 კვადრატულ მეტრამდე ტყე – 49 წლიანი იჯარით გადაეცა.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე