საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი არეულობაა. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, დესტრუქციულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს დიდხანს გაეძლო.
როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობაში” პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობაში” დიდი არეულობაა, რაც პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რადგან პარტია მორჩა იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც ერთ დროს მაღალ ზღვარზე იყო.
„წარმოუდგენელია, ამ დესტრუქციულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს დიდხანს გაეძლო. ის ცდილობდა პოლარიზებას საზოგადოებაში, თუმცა ბუმერანგივით საკუთარ თავზე მიიღო. დღეს კლანური დაპირისპირებაა შიგნით. ხაბეიშვილისა და ოლიგარქ კეზერაშვილის სურვილები იკვეთება, თითქოს ერთი ფრონტით იბრძოლონ. მელიას და კეზერაშვილის შეუთავსებლობაზეც არის საუბარი. გაურკვეველია, „ნაციონალურ მოძრაობაში” საერთოდ სურთ თუ არა, რომ სააკაშვილი ლიდერად ჰყავდეთ. ისიც გაუგებარია, თვითონ სააკაშვილს, რა პოზიცია აქვს პარტიის მიმართ, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო, მაგრამ გასაგებია ერთი, რაც ძალიან კარგად, ნათლად არის გამოკვეთილი – ამ პარტიაში, ე.წ. ვირთხების რბოლაა დაწყებული, დაპირისპირებაა პირველობისთვის”, – ამბობს მათიკაშვილი.
მისი განცხადებით, რაც მეტს ცდილობს პარტია პოლიტიკური ჭაობიდან ამოსვლას, მით მეტად იძირება და ეს ყველაფერი უფრო კარგად გამოჩნდება, რაც მივუახლოვდებით 2024 წლის არჩევნებს.
„გამოჩნდება, რომ რეალურად, ელექტორალურ სექტორში ფაქტობრივად პარტიას პულსი აღარ გაესინჯება. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი არის საკუთარ სამშობლოსადმი მტრული დამოკიდებულება, რომელიც მათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ აქვთ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.