საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას „ცხელ შემოდგომას“ ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა თბილი „პალტოთი“ გამოჭიმულები დადიან.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მატყუარა ძალა, რომლის დაშლა გარდაუვალია.
„ომახიანად ჰყვებოდა ზღაპრებს და ტყუილებს ხაბეიშვილი, ხალხზე არ ზრუნავთო, ლევან, ძალიან მარტივია და საზოგადოებას მივმართავ, ასეთი ცრუპენტელები არიან. „ცხელი შემოდგომა“ იქნებაო, გაქანდა ხაბეიშვილი და თბილი „პალტოთი“ გამოიჭიმა რამდენიმე დღის წინ. ასეთი მატყუარები არიან. ძალიან ნათელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება დაინახო, ვინ ვის უკან დგას. რეალურად ხდება ის, რომ წითლიძე გამოესარჩლა, იმიტომ რომ კეზერაშვილისგან სიკეთის მოლოდინი აქვს, იქნებ რამდენიმე გროშით მეტი უწყალობოს. ხაბეიშვილი არის და სააკაშვილზე საუბრობს. იცით, რომ ერთი საათის წინ, ბოკერიამ ლენინს შეადარა თქვენი ბელადი სააკაშვილი, დღეს ყველა ცდილობს, სააკაშვილს მიეკედლონო. აი, ეს არის თქვენი რეალური სახე. დღეს შემხვდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ეს ბედოვლათები 2012 წლამდე „ღიმილიან საქართველოს“ დაჰპირდით და ხალხს კბილები დააცალეთ, იმ ქალბატონმა მოგიკითხათ.
სხვათა შორის, დღეს ამ სასაცილო რეალობაში იცით რატომ ხართ? ჩალაძე რომ გყავთ კანდიდატი, გუშინ რომ განაცხადა, პარტია და თავმჯდომარეობა იმიტომ მინდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მადარდებსო. იმ ადამიანს იქნებ აუხსნათ, რომ ამისთვის პარტია კი არ არის საჭირო, თერმომეტრი უნდა აიღოს და ყოველდღე სიცხე უზომოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იბრძვის.
„ერთი რამ არის ცხადი, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობის “ დაშლა არის გარდაუვალი. შეგვიძლია წარსულში მოვიხსენიოთ იმიტომ, რომ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ. დღეს ეს ფაქტი სააშკარაოზე უფრო მეტად არის გამოტანილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი არის გადაწყვეტილი. ეს ბედი გადაგიწყვიტათ იმ ხალხმა, ვისაც თქვენ დღენიადაგ შეურაცხყოფას აყენებთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.