ცესკოს თავმჯდომარის წესის ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა-ISFED

14 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი.

შემოთავაზებული ცვლილებებით, მარტივდება ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის არჩევის პროცესი და თუ აქამდე საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება. კერძოდ: პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ცვლილებებით, ასევე, უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.

შემოთავაზებული ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, კენჭისყრის მოქმედმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო და მხოლოდ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება.

“ეს, კი, კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა. მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში”, – აცხადებენ ISFED-ში.

2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ცესკოს პროფესიული შემადგენლობის მაღალი კვორუმით დაკომპლექტება იყო. შეთანხმების საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5 წლით არჩევისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა გახდა საჭირო. ასეთი მხარდაჭერის მიუღწევლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სამი კენჭისყრა განსხვავებული კვორუმით. ბოლო კენჭისყრაზე კანდიდატის ასარჩევად უბრალო უმრავლესობაა საკმარისი. დაბალი კვორუმით არჩეული თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა 6 თვეა. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ცესკოში წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის არჩევის დროებითი წესის მიხედვით, კენჭისყრებს შორის დადგენილი ოთხკვირიანი შუალედი ერთ კვირამდე შემცირდა.

პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პოლარიზაციის შემცირების საჭიროების გათვალისწინებით, სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს ოპოზიციას, რომ ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდის მიღწევას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share