ჰამასი თელავივს ბომბავს, ისრაელმა მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში მაღალსართულიანი შენობის რაკეტით განადგურების საპასუხოდ, თელავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა – 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.

ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, საცხოვრებელ უბნებში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერდა.

Channel 12-ის რეპორტიორის ცნობით, თელავივის დასახლებულ გარეუბანში, ჰოლონში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საბრძოლო რაკეტა მოხვდა.

“ჩვენ ახლა აღვასრულებთ ჩვენს დაპირებას”, – განაცხადა ჰამასის სამხედრო ფრთამ, – “ჩვენი საბრძოლო ბრიგადები ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ თელავივის და მისი შემოგარენის მიმართულებით, 130 საბრძოლო რაკეტით. ეს არის პასუხი დასახლებულ შენობებზე მტრების თავდასხმებზე”.

რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.

ისრაელმა ღაზის დასაბომბად 80 საბრძოლო რაკეტა გაგზავნა, სექტორის საზღვართან კი ტანკები ჩააყენა.

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. სადაო ქალაქსა და დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 700 პალესტინელი დაშავდა, 500 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share