ანა ფოტიგა გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი – ივანიშვილი არ პასუხობს ამ კომენტარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უკომენტაროდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას, თუ პოლიტიკურ თავდასხმას, რაც გვესმის რადიკალური ბანაკის და მათი მოკავშირეების მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში გამართულ კონფერენციას, რომელიც უკრაინაში ომს და რუს ოლიგარქებს ეხებოდა და საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზეც.
თალაკვაძის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ, რადგან კონფერენციაზე დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზე იყო საუბარი, ხოლო ოპოზიცია საქართველოში ოლიგარქიის რეგულირებას ეწინააღმდეგება.
“ამ კონფერენციას კარგი იქნებოდა დასწრებოდა ოპოზიცია, რადგან დეოლიგარქიზაციას სწორედ ეს ხალხი ეწინააღმდეგება საქართველოში, ამიტომ ალბათ, რაღაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ აქაურ რადიკალურ ბანაკს და მათ მოკავშირეებს საზღვარგარეთ. კარგი იქნებოდა, ერმანეთს დაელაპარაკონ, რადგან მათი მეგობრები დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდებენ იქიდან და აქ ეს ხალხი ეწინააღმდეგება ოლიგარქიის რეგულირებაზე კანონმდებლობის მიღებას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს ხალხი წლებია საუბრობს და შეიძლება წლები გაგრძელდეს კიდევ მათი საუბარი. საქართველოს პარტნიორები ვინ არიან იცით? ანა ფოტიგა გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი, თუ გაინტერესებთ. საქართველოს პარტნიორებმა და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის რეალურად თუ რა დემოკრატიული რეფორმების სათავეში გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დღეს ის გასულია პოლიტიკიდან და ხედავთ, რომ არც კი პასუხობს კომენტარებს, რაც ხშირ შემთხვევაში უსამართლოა და შეიძლება შეურაცმყოფელიც, მაგრამ იცავს პირობას და რადგან თქვა, რომ გასულია პოლიტიკიდან, არ პასუხობს ამ კომენტარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უკომენტაროდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას, თუ პოლიტიკურ თავდასხმას, რაც გვესმის რადიკალური ბანაკის და მათი მოკავშირეების მხრიდან,”- განაცხადა თალაკვაძემ.