ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აკაკი წერეთლის მოთხრობა “კუდაბზიკეთი”-ს შინაარსსა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ერთმანეთს ადარებს:
“აკაკი წერეთელმა საჩხერეში 1912 წლის სათათბიროს არჩევნებში დამარცხდა, რის შესახებაც პოეტი წერდა: ,,რა მიქნეს ეს ჩვენი კუთხის ახალგაზრდებმა, დეპუტატად უნდა აგირჩიოთო, რა დროს ჩემი დეპუტატობაათქო ვუთხარი. ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკურ თამაშებში არ ვმონაწილებდი, მაგრამ არ მომასვენეს, გავბრიყვდი! დამითანხმეს და შავი კენჭი ჩამიდეს!,,
არადა პოეტს 1899 წელს გამოქვეყნებული აქვს ერთი პატარა მოთხრობა ,,კუდაბზიკეთი,,. აი ამ მოთხრობას, რომ წაიკითხავთ მაშინ მიხვდებით თუ რატომ მიაჩნია სიბრიყვედ მისი არჩევნებში მონაწილეობა პოეტს. ასეა საჩხერიდან იღებს სათავეს საქართველოს საარჩევნო ისტორია.
ნაწყვეტი მოთხრობა ,,კუდაბზიკეთიდან,,
,,მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ.
სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ.
მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი…”