მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სიმძიმე მის “შესაბამის საავადმყოფოში სასწრაფო გადაყვანას მოითხოვს”.
“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში”. – წერს სანდუ Twitter-ზე.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო.
ამასთანავე, ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, “რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც”.