“როგორ ხდებიან ექიმები ნავალნისა და სააკაშვილის ნელი სიკვდილის თანამონაწილეები”, – ამ სათაურით სტატიას ოპოზიციური რუსულენოვანი გამოცემა Novayagazeta აქვეყნებს.
სტატიის ავტორი რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინაა, რომელიც მასალაში ექიმ ანდრეი ვოლნასთან ერთად მიხეილ სააკაშვილისა და ალექსეი ნავალნის შემთხვევებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოში მედიცინა დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო იარაღად არის გადაქცეული.
როგორც ექიმი ანდრე ვოლნა განმარტავს, მისთვის საყურადღებოა ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი 14 სხვადასხვა დასახელების წამალს იღებს. მისი თქმით, რთულია გაიგო თუ როგორ იმოქმედებს თოთხმეტივე წამალი მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმზე.
“რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, დამახასიათებელია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მედიცინისთვის: ნევროლოგმა დანიშნა წამლები, რომელიც ნევროლოგიური დაავადებებისთვის არის საჭირო, კარდიოლოგმა დანიშნა კარდიოლოგიის სამკურნალო პრეპარატები, უროლოგმა დანიშნა სხვა დაავადების სამკურნალო აბები, შედეგად კი ვიღებთ ისეთ ფეთქებად ნაზავს, რომელიც არც კი ვიცით როგორ მუშაობს და საბოლოოდ, თითქმის არ ეხმარება პაციენტს”, – ვკითხულობთ სტატიაში.
ექიმის განმარტებით, დასავლურ კლინიკებში ასეთ შემთხვევებს ვერ შეხვდებით. ანდრეი ვოლნა საუბრობს სააკაშვილისთვის დანიშნულ მედიკამენტზე – ფენიბუტზე. მისი თქმით, ამ წამლის გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებული არ არის. იგი მხოლოდ რუსეთში და პოსტ-საბჭოთა სივრცის რიგ ქვეყნებში გამოიყენება.
“ამ ქვეყნებში სჯერათ, რომ ეს წამალი ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. თუმცა, ნიოტროპული ეფექტის გარდა, რაც არავის დაუმტკიცებია, იგი ასევე დამამშვიდებელია. დამამშვიდებლები კი გამოიყენება მხოლოდ შფოთვითი აშლილობის არსებობისას ხანმოკლე თერაპიისთვის. ხანმოკლე თერაპიისას ასეთი დამამშვიდებლები დამოკიდებულებას იწვევს, ექსპერტი ექიმი სმიტი თავის დასკვნაში სწორედ ამას აღნიშნავს, რომ პაციენტი დამოკიდებულია წამლებზე”, – ამბობს ექიმი.
ჟურნალისტი ექიმს სააკაშვილის სხეულში მოხვედრილი მომწამლავი ნივთიერებების შესახებაც უსვამს კითხვას. იგი დაინტერესდა შეეძლო თუ არა ჭარბი რაოდენობით სხვადასხვა მედიკამენტების მიღებას, მოწამვლა.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ექიმი განმარტავს, რომ დიდი ალბათობით სააკაშვილის მოწამვლა მედიკამენტებს არ გამოუწვევია და ეს ნივთიერებები მის სხეულში სხვა გზით მოხვდა.
“დასკვნაში ექსპერტი კატეგორიულად უარყოფს ამას, რადგან დანიშნული არცერთი წამალი არ შეიცავს დარიშხანს, ვერცხლისწყალს, ან მძიმე მეტალებს. უფრო მეტიც, მე არ დამეზარა და მისთვის დანიშნულ ყველა მედიკამენტს გადავხედე და ექსპერტის სიტყვები დავადასტურე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ტოქსიკოლოგი. შესაბამისად, როგორც ექსპერტი წერს, და მე არ მაქვს მიზეზი რომ მას არ ვენდო, პაციენტის სხეულში მეტალები სხვა გზით მოხვდა”, – უპასუხა ექიმმა ჟურნალისტს.
მისივე თქმით, როგორ მოხვდა ეს მეტალები სააკაშვილის სხეულში, ამის დადგენა მას არ შეუძლია.
ექიმი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქეისს ადარებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მსგავსებებისა, ეს ორი შემთხვევა, მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.
ექიმის სიტყვებით, ნავალნის მოწამვლის მთავარი მიზანი მსხვერპლის ჩქარი სიკვდილი იყო. სააკაშვილის კი -“როგორც ჩანს, საუბარია გარკვეული ტიპის გახანგრძლივებულ წამებაზე” – ამბობს ექიმი ანდრეი ვოლნა.