საახალწლო ღონისძიებებს დღეს ჩოხატაურიც შეუერთდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს ჩოხატაური დღეს შეუერთდება – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამზადისი დილიდან მიმდინარეობს და 14:00 საათიდან დაიწყება ორკესტრის მსვლელობა, რომლის შემდეგაც ადგილობრივი საბავშვო სტუდია “მომავლის ბავშვების” კონცერტი გაიმართება.
მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, იხილონ ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები, ასევე დააგემოვნონ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები და ცხელი შოკოლადი.
საბავშვო სივრცეში პატარები თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირებს შეხვდებიან. სახის მოხატვასა და სხვადასხვა თამაშით გართობასთან ერთად, საახალწლო სათამაშოების დამზადებასაც ისწავლიან. საჩუქრების მიღების შემდეგ კი შეეძლებათ, ზღაპრის გმირების მსვლელობას შეუერთდნენ.
17:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი, რომელშიც თიკა მახალდიანი, დათუნა მგელაძე, სოფო გელოვანი, ანი კეკუა, ნინუცა ბედიაშვილი, მანანა თოდაძე და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ მონაწილეობენ.
საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share