ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში სისხლის კალო დაატრიალა. ორი აივნიდან უმისამართოდ დაიწყო სროლა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. სპეცდანიშნულების გამოჩენის შემდეგ მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ნოდარ ათუაშვილმა სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა. ის საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. ნოდარ ათუაშვილზე ყვებიან, რომ ცოლზე ძალადობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისი შემოსავლის წყარო კი კუსტარულად დამზადებული სანადირო დანები იყო, რომლებსაც შავ ბაზარზე ყიდდა. საიდან ჰქონდა ამხელა შეიარაღება, ამას გამოძიება დაადგენს. მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი ერთ-ერთ მონაზონია და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. ასევე ჰყავს ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონდა.
ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
„აქ არ მოასვენონ ცხედარი. თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ!“ – ამბობს ათუაშვილის მეზობელი, რომელიც უმძიმესი ღამის თვითმხილველი გახდა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია.
„თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.