“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს Facebook პოსტით ეხმაურება და წერს, რომ “ახლა უბრალოდ არსებული რეალობა გამოვიდა სააშკარაოზე”. მისივე აზრით, პროცესები როგორც განვითარდება, ლოგიკური და კანონზომიერი იქნება.
“ის რაც ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ახალი არ არის. ისინი ყოველთვის მსგავს ბინძურ და მდაბიო ომს აწარმოებდნენ ძალაუფლებისთვის, როგორც შიგნით პარტიაში, ასევე გარეთ პოლიტიკაში
ახლა უბრალოდ არსებული რეალობა გამოვიდა სააშკარაოზე, მთელი თავისი შინაარსით და ნამდვილი სახით
პროცესები კი როგორც განვითარდება, ესეც ლოგიკური და კანონზომიერი იქნება”, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნებია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იღებენ.
ურთიერთბრალდებების დროს დასახელდა “ნაჩუქარი ავტომობილიც”. კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე კი აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას.